logo
ENG



"არ მიიღოთ ანტისახელმწიფოებრივი, არაკონსტიტუციური კანონი" - შშმ ახალგაზრდების მიმართვა

06 მარ 202322:09
3 წუთის საკითხავი
 
"არ მიიღოთ ანტისახელმწიფოებრივი, არაკონსტიტუციური კანონი" - შშმ ახალგაზრდების მიმართვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები ეწინააღმდეგებიან პარლამენტში ინიციირებულ რუსულ კანონპროექტს და აღნიშნავენ, რომ კანონი დააზიანებს არამხოლოდ მედიას, არასამთავრობოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ მოწყვლად ჯგუფებსაც.

გავრცელებულ განცხადებაში ისინი მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, არ მიიღონ ანტისახელმწიფოებრივი და არაკონსიტუტუციური კანონი.

"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებული ნაწილის უმრავლესობა საქმიანობს არასამთავრობო ორგანიზაციებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უმრავლესობას ერთხელ მაინც უსარგებლია უცხოური დაფინანსებით განხორციელებული პროგრამებით, მომსახურებებითა და სერვისებით. უცხოური დონაციებისა და დაფინანსებების დამსახურებაა, რომ გვაქვს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენცია, ინკლუზიური განათლება სკოლებში, რომ არსებობს დიდი ზომის ინსტიტუციების ალტერნატივა საოჯახო ტიპის საცხოვრისები, უფასო სასწავლო კურსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ა.შ. თავად რატი იონათამიშვილი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხმას საკანონმდებლო ორგანოში, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მის ხელში გაიარა უამრავმა დაფინანსებამ უცხოური წყაროებიდან, მას დიდი წვლილი მიუძღვის არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებაში.

ამასთანავე, აღნიშნული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების თვითმიზანი კი - ევროკავშირია. აქედან გამომდინარე, თქვენ ვალდებულები ხართ, გაითვალისწინოთ ჩვენი საჭიროებები და ინტერესები, არ დაუჭიროთ მხარი ჩვენ საწინააღმდეგო, რუსულ კანონპროექტს!"- ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები:

  • მარიამ დარბაიძე
  • ანა სიხაშვილი
  • ესმა გუმბერიძე
  • დავით ყვირილიანი
  • თათია დათაშვილი
  • ლუკა ხუხიაშვილი
  • ნათია კოპაძე
  • გიორგი კისკეიძე
  • ნანა ბრეგვაძე
  • ნიკა გაბიაშვილი
  • ლელა არაბული
  • ლიკა მაწკეპლაძე
  • ლია ტაბატაძე
  • მარიამ ნინიკაშვილი
  • ლევან ჯარიაშვილი
  • გოდერძი გოგოლაძე
  • ვიქტორ გამაროიძე
  • მარიამ დოხნაძე
  • ბაჩანა როსტომაშვილი
  • ლეილა ხაჭაპურიძე
  • მარიამ მიქიაშვილი
  • თამილა საგინაძე
  • გიორგი ენუქიძე
  • მარიამ ყაველაშვილი
  • თეა თიღილაური
  • გიორგი ელბაქიძე
  • Სტანისლავ ციბულსკი
  • დავით მეარაყიშვილი
  • ხატია ტატურაშვილი
  • ეკატერინე ცხვარიაშვილი
  • ნანა თოლორდავა
  • ანა გოგუაძე
  • ლილე ტერტერაშვილი
  • სალომე ქეცბაია
  • მარი კორკოტაძე
  • ჯანო ძირკვაძე
  • ნიკა ცერცვაძე

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. 

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს". 

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.


close დახურვა